ქართულმა 3D ფილმმა კალიფორნიაში კინოფესტივალი დაიპყრო

13-წუთიანმა მულტფილმმა „ჯინომ" ამერიკული ფესტივალის ჟიურის წევრებზე შთაბეჭდილება მოახდინა.
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ქართული 3D მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი  „ჯინო"(Geno) აშშ-ში პალმ-სპრინგსის მესამე საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის პრიზიორი გახდა.

Palm Springs International Animation Festival-ი ანიმაციური ნამუშევრების ფესტივალია, რომელიც პალმ-სპრინგსში (კალიფორნია) ტარდება და ჟანრის ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენლებს ერთ მოედანზე უყრის თავს. ფესტივალის ფარგლებში 100 ქვეყნის რეჟისორების მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმებს უჩვენებენ.

ქართულმა ანიმიაციამ „ჯინო“ ნიუ–დელიში ფესტივალზე გრან–პრი მიიღო

როგორც თავად ფილმის ავტორი დავით კიკნაველიძე აღნიშნავს, მისმა ნამუშევარმა აშშ-ში პრიზი  „საუკეთესო სათავგადასავლო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური 3D ფილმისთვის" მიიღო.

„დიდი მადლობა მთელ ჩვენს გუნდს, რომელიც  „ჯინოზე" მუშაობდა და მასში დიდი შრომა და სიყვარული ჩადო", — წერს კიკნაველიძე Facebook-გვერდზე.

რეჟისორ დავით კიკნაველიძის 13-წუთიანი მულტფილმი  „ჟინო" ანიმაციური სტუდია Lira Production-ში ქართული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

„ჯინოს" სიუჟეტის ცენტრში გომბეშო ჯინოსა და მისი მეგობრების თავგადასავალია, რომლებიც ლამაზი ტბის ნაპირას ცხოვრობენ. ერთხელაც ცხოველები დილემის წინაშე აღმოჩნდებიან — მათ მიწაზე ადამიანები მშენებლობას იწყებენ, რის გამოც ცხოველები იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის — სახლის გადასარჩენად.

საფრანგეთში ანსის საერთაშორისო ანიმაციური კინოფესტივალის ფარგლებში მსოფლიო პრემიერის შემდეგ, მულტფილმი კიდევ ორი საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში შევიდა.  „ჯინო" თავიდან ხორვატიაში — აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ მოწინავე ანიმაციური კინოფესტივალ Supertoon —ზე, შემდეგ კი იტალიაში, პრესტიჟულ ანიმაციურ კინოფესტივალ Giffoni-ზე უჩვენეს.