რისთვის აჯარიმებენ ქართველ მძღოლებს თურქეთში

ქართველებს თურქეთში მინივენებით ტურისტები გადაჰყავდათ, რაც თურქეთის კანონმდებლობით აკრძალულია
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში მინივენებით ან მიკროავტობუსებით მგზავრობისას პრობლემები არ შეექმნებათ, მთავარია დაიცვათ ადგილობრივი წესები, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ აჭარის რესპუბლიკის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დავითაძემ და აღნიშნა, რომ არ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება აღნიშნული რეჟიმი.

რატომ არ აჯარიმებენ უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებს >>

ივლისის შუა რიცხვებში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1 აგვისტოდან ქართული სანომრე ნიშნების მქონე მიკროავტობუსების და მინივენების მძღოლებს თურქეთის ტერიტორიაზე დააჯარიმებენ. ქართველმა მძღოლებმა, რომლებსაც ბათუმიდან თურქეთის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით მგზავრები გადაჰყავდათ, საპროტესტო აქცია გამართეს და დახმარება ითხოვეს.  

დავითაძემ დაადასტურა, რომ მინივენების მძღოლებს თურქეთის ტერიტორიაზე ნამდვილად აჯარიმებდნენ, მაგრამ ეს კანონის დარღვევის გამო ხდებოდა. კერძოდ, იმის გამო, რომ მათ ტურისტები ნებართვის გარეშე გადაჰყავდათ, რაც უკანონო ეკონომიკურ საქმიანობად მიიჩნევა.

თურქეთის ჩაის პლანტაციებში ათასობით ქართველი მუშაობს

„საქართველოს მოქალაქეს თურქეთის მიმართულებით მგზავრების გადაყვანა შესაბამისი ნებართვის გარეშე არ შეუძლია. არსებობს თურქული კომპანიები, რომლებსაც აქვთ ლიცენზია და ნებართვა, ამისათვის იხდიან თანხას, და სწორედ მათ უნდა მოემსახურონ მგზავრებს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. ქართველი მძღოლები ამ კუთხით არღვევდნენ კანონს, და სწორედ ამიტომ დააჯარიმეს მინივენების რამდენიმე მძღოლი“, — განმარტა დავითაძემ.

თურქეთის მხარესთან მიღწეულია შეთანხმება, და იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდა, რომ მძღოლი თურქეთის ტერიტორიაზე ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, მას არ დააჯარიმებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლს დაეკისრება ჯარიმა 1002 ლირის (დაახლოებით 200 დოლარი) ოდენობით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებას 14 დღით საჯარიმო სადგომზე გადაიყვანენ. მძღოლის ბრალეულობა მგზავრის ჩვენების ან წერილის საფუძველზე შეიძლება დამტკიცდეს.

„მინივენი — 7+1 ადამიანის ტევადობის სატრანსპორტო საშუალებაა. რვა ადგილზე მეტი — ეს უკვე მიკროავტობუსია, რომელიც თურქეთის რეგულაციებს ექვემდებარება. მათ შეუძლიათ ნებართვის აღება და საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება ან ტურისტების გადაყვანა. მინივენებზე აღნიშნული რეგულაცია არ ვრცელდება“, — აღნიშნა დავითაძემ.

თურქულმა მხარემ საზღვარზე შემოწმებები მას შემდეგ გაახშირა, რაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული ნომრის მქონე მინივენების რაოდენობა — ათიდან ასამდე. თურქული მხარე დღეში 80 მგზავრს კარგავდა. ამან გამოიწვია თურქი მძღოლების პროტესტი, რომლებმაც შესაბამის ორგანოებს მიმართეს.

საქართველოდან ექსპორტის რეკორდული ზრდა გრძელდება >>

„ჟანდარმერიამ მძღოლების შემოწმება დაიწყო. მაგალითად, ჟანდარმერიამ გააჩერა მინივენი. მძღოლი ქართველია, უკან არაბული ქვეყნების მოქალაქეები სხედან. მძღოლს ეკითხებიან: „ესენი ვინ არიან?“. მძღოლი პასუხობს, რომ მეგობრები. რამდენად დამაჯერებელი იქნება ეს პასუხი? თუ ქართველს თავისი ქვეყნის მოქალაქეები გადაჰყავს, სავარაუდოდ, ვერავინ ვერაფერს დაამტკიცებს, მაგრამ როდესაც კვირაში ხუთჯერ სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები გადაგყავს, ნათელია, რას საქმიანობ და რა თქმა უნდა, დაგაჯარიმებენ“, — ხაზგასმით აღნიშნა დავითაძემ.

დავითაძემ გამოთქვა იმედი, რომ ქართველი მძღოლები პატივისცემით მოეკიდებიან თურქულ კანონებს და გაითავისებენ, რომ მათ უკანონო ეკონომიკური საქმიანობის წარმართვის უფლება არ აქვთ.