შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქართველმა პოლონეთში კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა

ახალგაზრდა შემსრულებელმა ინვალიდის ეტლში საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრთა გულები დაიპყრო
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ქართველმა მომღერალმა თორნიკე ტურაბელიძემ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა XXII საერთაშორისო ახალგაზრდულ სასიმღერო ფესტივალზე Fundacja Pro Omnibus მეორე ადგილი დაიკავა, იუწყებიან ფესტივალის ორგანიზატორები.

კონკურსის ფინალში, რომელიც 28 ივლისს გაიმართა, ტურაბელიძემ ცნობილი სიმღერა „ახ ტურფავ, ტურფავ!" ძალზე ემოციურად შეასრულა. ფესტივალში სულ სხვადასხვა ქვეყნის 130 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ახალგაზრდული ფესტივალი პოლონეთის ქალაქ ჩიხოჩინეკში 11-30 ივლისს მიმდინარეობდა. კონკურსი ორ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა — 16 წლამდე და 25 წლამდე.

ფესტივალის ძირითადი ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის შანსის მიცემა, რათა მათ შეძლონ თავის გამომჟღავნება საჯარო ადგილებში, სცენაზე და ტელევიზიით გამოსვლა. ორგანიზატორების სურვილია, რომ ფესტივალის მონაწილეები დანარჩენი ადამიანებისთვის მაგალითს წარმოადგენდნენ.