წეროვანში სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე ახალი შენობა აშენდება

კომპლექსი აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით დააპროექტეს.
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე ახალი შენობა აშენდება, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შენობის საფუძველში სიმბოლურად დროის კაფსულა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ჩადეს.

თავდაცვის სამინისტრო: რა მოხდა ავღანეთში, „ბაგრამის“ საავიაციო ბაზაზე

ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საელჩოს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები, უცხოელი მრჩევლები და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

კომპლექსი აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით დააპროექტეს.

დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ამერიკული მხარის მხარდაჭერით ხორციელდება. შენობა უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

შენობაში იქნება სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზი და ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარი.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ლევან იზორიამ ექვს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს ახალი ელექტროეტლები გადასცა, რომელიც უწყების პროექტის „მხატვრები მშვიდობისთვის“ ფარგლებში შემოსული თანხით დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდმა შეიძინა.