მშენებლობის ნებართვის გაცემა შემცირდა

მშენებლობის ნებართვების თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის.
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოში წლის პირველ ნახევარში მშენებლობის 5 ათასი ნებართვა გასცეს, რაც 2017 წლის იანვარ-ივნისის პერიოდის მაჩვენებელზე 1,4%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

მშენებლობის ნებართვების დიდი რაოდენობა თბილისზე მოდის — 46,8%. მეორე ადგილზეა აჭარა, ხოლო მესამეზე — ქვემო ქართლი, მაგრამ ამ რეგიონების მაჩვენებელი ერთობლიობაში თბილისის მაჩვენებელზე დაბალია.

წლის დასაწყისიდან კომპეტენტურმა ორგანოებმა ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების აშენებაზე — მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.

ნახევარი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა დაახლოებით 929 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 1,1 ათასზე მეტი ობიექტი. 2017 წლის ამავე პერიოდში ექსპლუატაციაში შევიდა დაახლოებით 1,2 მლნ კვატრადული მეტრი ფართობის 1,3 ათასზე მეტი ობიექტი. 

მშენებლობების ნებართვები 2018 წლის პირველ ექვს თვეში

თბილისის მერმა კახა კალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვების გაცემა უნდა გამკაცრდეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2018 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ 2018 წელს თბილისის მერიის მიერ გაცემულ მშენებლობების ნებართვებს შეამოწმებს. ამის საფუძველი, უწყების ინფორმაციით, გახდა ის, რომ ქალაქში მშენებლობები სტიქიურად მიმდინარეობს, ხშირად იცვლება ფუნქციური ზონები, ასევე მშენებლობის კოეფიციენტები უკვე ნებართვის გაცემის შემდეგ.

აუდიტის სამსახურმა აგრეთვე მიუთითა, რომ მშენებლობის ნებართვების გაცემის საბჭოს საქმიანობა არ არის გამჭვირვალე და არ არის უზრუნველყოფილი ერთიანი კრიტერიუმები, რომლებიც პროექტის დამტკიცებისთვის არის აუცილებელი.