თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ფოთში, შავ ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
უბედური შემთხვევა მალთაყვაში მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზღვაზე საშტორმო მგომარეობა იყო გამოცხადებული, 51 წლის მამაკაცი და 58 წლის ქალბატონი ზღვაში საბანაოდ მაინც შევიდნენ და ისინი ზღვის ტალღებმა გაიტაცეს.
მაშველები ზღვაში შევიდნენ და მათი გადარჩენა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
„მამაკაცმა სამაშველო რგოლს ხელი გაუშვა. ქალს კი ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და სავარაუდოდ, მას გული გაუსკდა. მიუხედად ჩვენი არაერთი გაფრთხილებისა, რომ ბანაობა აკრძალული იყო, ისინი ზღვაში მაინც შევიდნენ“, — აცხადებს მაშველი ამირან ნანავა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი ოჯახის წევრები არიან და დასასვენებლად თბილისიდან იყვნენ ჩამოსულები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ შავი ზღვის სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმის გამო ზღვაში შესვლა (მათ შორის წყლის ტრანსპორტით) აკრძალულია. საშტორმო გაფრთხილება მოქმედებს 31 ივლისის 10:00 საათამდე.