თავდაცვის სამინისტრო: რა მოხდა ავღანეთში, „ბაგრამის“ საავიაციო ბაზაზე

მომხდარს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოლიცია იძიებს.
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გმობს ავღანეთში, „ბაგრამის“ საავიაციო ბაზაზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტს, რომელშიც 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა იკვეთება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკული მხარის პირველადი ინფორმაციით, სხვადასხვა დროს მომხდარ ქურდობაში, ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო ძალების სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობა იკვეთება, რომელთა შორის ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურეა.

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, წინასწარი ინფორმაციით, საქონლის ქურდობით ავღანეთში არსებულ სავაჭრო ობიექტს 3600 აშშ დოლარამდე ოდენობის ზარალი მიადგა.

საქართველოს II ქვეითი ბრიგადის ასეული ავღანეთში ჩავიდა

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ის მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკულ მხარესთან. საქმის მასალების გადმოცემისთანავე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიცია ფაქტობრივ მდგომარეობას დაადგენს და საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდის, ხოლო დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან, აცხადებენ სამინისტროში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მომხდარი ინციდენტი ქართული კონტინგენტისთვის ერთეულ შემთხვევას წარმოადგენს, რომელსაც სისტემურ ხასიათთან კავშირი არ აქვს.

სამინისტროში გულისტკივილს გამოთქვამენ მომხდარის გამო.

„ფაქტი მტკივნეულად იქნა აღქმული, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების, ისე ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის ხელმძღვანელობისა და პირადი შემადგენლობის მხრიდან. ცალკეული სამხედრო მოსამსახურეების ქმედება არ შეიძლება გაიგივდეს მთლიანად ქართულ სამშვიდობო კონტინგენტთან, რადგან ქართველი სამხედროების თავგანწირვა და ავტორიტეტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დამსახურებულად აღიარებული და დაფასებულია“, — ნათქვამია განცხადებაში.

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანელი სამხედროები მადლობის სიგელებით დააჯილდოეს

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაინტერესებული არიან საქმის დეტალების გამოძიებით, დამნაშავეების გამოვლენით და ორიენტირებული არიან მსგავსი ერთეული ფაქტის პრევენციაზე.

მიმდინარე წლის 17 ივლისს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ჩავიდა და როტაციის წესით IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული ჩაანაცვლა.

ბაგრამის საავიციო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს.

„მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაცია შედის.