თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. აშშ-ის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ჯავშანმანქანა Stryker–ი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley, M1A2 ტიპის ტანკი Abrams–ი და სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა მრავალეროვნულ „ღირსეული პარტნიორი 2018“–ის (Noble Partner) სწავლებებში მონაწილეობის მისაღებად ფოთში შევიდა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ამერიკული სამხედრო ტექნიკა ფოთში რუმინეთის კონსტანცას პორტიდან შევიდა. ფოთიდან ტექნიკის ნაწილი ვაზიანის სამხედრო პოლიგონის მიმართულებით, სადაც „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები ჩატარდება, სამხედრო მატარებლის საშუალებით, ნაწილი კი — თვითსვლით გადაადგილდება.
სწავლების მიზანი წელს არის სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.
სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს სამი ათასზე მეტი სამხედრო საქართველოდან, აშშ–იდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, ნორვეგიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ჩართული იქნება აშშ–ის ავიაცია და გერმანული ჯავშანტექნიკა.
საქართველოში „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეოთხედ ტარდება. 2017 წელს მასში მონაწილეობა მიიღო 2,8 ათასზე მეტმა სამხედრომ საქართველოდან, აშშ–დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, სლოვაკეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.