საბერძნეთში ხანძრისას საქართველოს ექვსი მოქალაქე დაშავდა

საქართველოს დიპლომატიური უწყება საბერძნეთში მყოფ თანამოქალაქეებს მოუწოდებს, დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში საელჩოს მიმართონ.
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ათენში მასშტაბური ხანძრის შედეგად საქართველოს ექვსი მოქალაქე დაშავდა. ამ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს ელჩი საბერძნეთსა და სერბეთში იოსებ ნანობაშვილი.

საბერძნეთში ამ კვირაში რამდენიმე დიდი ხანძარი მოხდა. დაიღუპა 80 ადამიანი. ატიკაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია დაახლოებით 200 ადამიანი, 100-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

საქართველოს დიპლომატიურ უწყებას ჯერჯერობით არა აქვს მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ქართველი იმყოფება სტიქიის ზონაში.

„(საბერძნეთის) შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში არც ერთი ქართველი არ ფიქსირდება, რომელიც შეიძლება იყოს გარდაცვლილი ან ჰოსპიტალიზებული", — განაცხადა ნანობაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

ტყის ხანძარს საბერძნეთში მრავალი სიცოცხლე შეეწირა

საქართველოს ექვს მოქალაქეს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება, თუმცა ისინი სახლში მკურნალობენ, დასძინა ელჩმა.

ემიგრანტი საქართველოდან კესარია სამხარაძე, რომელიც ათენში ცხოვრობს, ამბობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა 80-ზე მეტია.

„ჯერ არ აქვთ დამთავრებული ძებნა. დამწვარი სახლები არის 2300, ნანახი აქვთ მხოლოდ 500. ერთ ქალს ეძებენ ქართველს, იმიტომ რომ თვითონ იმ ქალს დაურეკავს საქართველოში და უთქვამს, ვიწვებიო, და გაითიშა", — აღნიშნა სამხარაძემ.

საელჩომ საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, რომ მათ მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ცხელი ხაზის მეშვეობით +306995779793, მიაწოდონ ინფორმაცია თანამემამულეებთან დაკავშირებით რთული სიტუაციების შესახებ, რაზეც საელჩო დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს.