დაძაბულობა ჭუბერში - მოსახლეობა პოლიციელებს ხელკეტებითა და ქვებით დაუპირისპირდა

ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა, რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა.
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. სვანეთში, ჭუბერისა და ხაიშის თემში მობილიზებულ ასეულობით სამართალდამცველს ხელკეტებითა და ქვებით შეიარაღებული მოსახლეობა უპირისპირდება, იუწყება ტელეკომპანია rustavi2.

სვანეთში, კერძოდ ჭუბერსა და ხაიშში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები დიდი ოდენობით ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვების ფაქტების შესასწავლად დღეს გამოჩნდნენ, რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სვანეთში ასეულობით სამართალდამცველია მობილიზებული.

ადგილობრივი მოსახლეობა შეიარაღებულ პოლიციელებს ნენსკრასა და ხაიშის ხეობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს. მათ პოლიციელებს რამდენჯერმე ქვებიც დაუშინეს. პერიოდულად ხდება შეტაკებებიც.

ადგილობრივთა თქმით, ისინი სამართალდამცველებს სახლების ჩხრეკის უფლებასაც არ აძლევენ. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ოჯახებში ხის საჭრელი დაზგებს ეძებდნენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ახორციელებს ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით.

„ანალოგიური ღონისძიებები მიმდინარეობს სოფლებში ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელს უშლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელებაში. რის გამოც, აღნიშნულ სოფლებში ამ დროისთვის, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით", — ნათქვამია განცხადებაში.

მოსახლეობა ამბობს რომ, ხე-ტყის წარმოება მათი ერთადერთი საარსებო წყაროა.