თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ფონიჭალა-მარნეული-გეგუთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა აღნიშნული გზის მე-14 კილომეტრზე დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახენ. სამივე დაშავებული მსუბუქი ავტომობილის მგზავრია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით („ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია"), რაც ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.