ქართულ „ელექტრას" ბერძნული დრამის ფესტივალზე უჩვენებენ

რუსთაველის თეატრის მსახიობები მაყურებლის წინაშე 25 და 27 ივლისს წარდგებიან.
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი "ელექტრა" კვიპროსში ბერძნული დრამის საერთაშორისო ფესტივალზე ჩაიტანა, რომელიც დღეს, 25 ივლისს აიღებს სტარტს.

ბათუმის საზაფხულო თეატრში „ქართულ ცეცხლს" დაანთებენ

ბერძნული დრამის ფესტივალი საერთაშორისო ხასიათის უნიკალური მოვლენაა, რომელიც კვიპროსში 2013 წლიდან იმართება.

ფესტივალ „ძველი ბერძნული დრამების" ფარგლებში რეჟისორები მთელი მსოფლიოდან წარმოადგენენ სასცენო დადგმებს ევრიპიდესა და სოფოკლეს უკვდავ ტრაგედიებზე. სპექტაკლების ჩვენება ღია ცის ქვეშ — პაფოსეს (Ancient Odeon), ნიქოზიის (Skali Amphitheatres) და ლიმასოლას (Curium Ancient Theatre) ამფითეატრებში გაიმართება.

წელს ბერძნული დრამების საკუთარ ხედვას წარმოადგენენ საუკეთესო თეატრალური დასები კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, საქართველოდან და რუმინეთიდან.

ქართული დასი ფესტივალზე სპექტაკლ „ელექტრას" წარმოადგენს. სოფოკლეს „ელექტრა" რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ბერძენმა რეჟისორმა გრიგორის კარანტინაკიმ 2014 წელს დადგა.

ქართველი მსახიობები მაყურებლის წინაშე 25 და 27 ივლისს წარდგებიან.