თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე საქართველოს სახალხო არტისტებს ვახტანგ კიკაბიძეს და ნანი ბრეგვაძეს იუბილე მიულოცა.
მერის თქმით, ორივე არტისტს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური საპატიო სიგელები გადასცა.
„ლარისა ივანოვნა" და სხვა სიურპრიზები: როგორ აღნიშნავს კიკაბიძე 80 წლის იუბილეს >>
„რამდენიმე დღის წინ იუბილე ჰქონდა ყველასთვის დასაფასებელ და საყვარელ ორ ადამიანს, ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს და ბატონ ვახტანგ კიკაბიძეს. მინდა დიდი სიყვარულით მივულოცო ჩვენი თანამშრომლებისგან. მინდა ვუსურვო დღეგრძელობა და ჯანმრთელობა. ასევე, გადავცე ორივე მათგანს სიგელები კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის", — განაცხადა კახა კალაძემ.
ნანი ბრეგვაძემ თავისი 82-ე იუბილე 21 ივლისს აღნიშნა, ვახტანგ კიკაბიძეს 19 ივლისს 80 წელი შეუსრულდა.
16 აგვისტოს შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე ნანი ბრეგვაძის და იტალიური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ჯაზ-მესაყვირისა და კომპოზიტორის, კრის ბოტის ერთობლივი კონცერტი გაიმართება.
ხოლო 18 და 19 აგვისტოს ვახტანგ კიკაბიძე მეგობრებთან ერთად ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში წარდგება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნანი ბრეგვაძე, თამარ გვერდწითელი, ვალერი მელაძე, ემინ აგალაროვი, ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი.