თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალის EchoWaves პროგრამის ცენტრში იქნება სამხრეთაფრიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Die Antwoord, იუწყებიან ორგანიზატორები ღონისძიების Facebook-გვერდზე.
ფესტივალი EchoWaves შავი ზღვის სანაპიროზე 23-26 აგვისტოს გაიმართება.
Die Antwoord ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის სტილის მუსიკას ასრულებს. ჯგუფის სიმღერები და კლიპები სავსეა ZEF-კულტურის ელემენტებით, კონტრკულტურული სიმბოლოებითა და თემატიკით. ჯგუფი სამი შემსრულებლისგან შედგება: უოტკინ ტიუდორ ჯონსი (მეტსახელად Ninja — ნინძა), იოლანდი ფისერი და DJ Hi-Tek.
როგორც თავად მუსიკოსები აცხადებენ, მათი შემოქმედება — ესაა „დოკუმენტური ფანტასტიკა, რომელიც ცნობიერებას აფართოებს". Die Antwoord-ის მიზანია მსმენელის შოკში ჩაგდება.
ჯგუფი 2008 წელს დაარსდა. პოპულარობა მან 2010 წელს მოიპოვა ტრეკის Enter the Ninja გამოსვლის შემდეგ.
ჯგუფი ბევრს მოგზაურობს და თაყვანისმცემელთა რიგებს ავსებს.
ფესტივალზე Anaklia Echowaves 150-ზე მეტი შემსრულებელი გამოვა. მათ შორის არიან: Solomun, Juan Atkins, Ben Klock, Marcel Dettmann, Dzijan Emin &, GPO, Francesco Tristano &, Guti live.
ანაკლიის ფესტივალი ჩატარდება ევროპაში პოპულარული მუსიკალური ფესტივალის EXIT ეგიდით, რომელიც ტარდება სერბეთში, მონტენეგროში, ხორვატიაში, ბოსნიაში, რუმინეთში.
მომავალი ფესტივალის ბიუჯეტი 6,2 მლნ ლარს შეადგენს. აქედან 2 მლნ ლარი უნდა ჩადონ Anaklia Echowaves-ის ორგანიზატორებმა. სახელმწიფომ ღონისძიების გამართვისთვის 4,16 მლნ ლარი გამოყო.
Anaklia Echowaves გაიმართება სამთავრობო პროგრამა Check in Georgia 2018-ის ფარგლებში.