სტიქია კახეთში: ძლიერმა წვიმამ პრობლემები რამდენიმე რაიონს შეუქმნა

ლაგოდეხისა და სიღნაღის რაიონების სოფლებში ყველა შესაბამისი სამაშველო სამსახურია მობილიზებული
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. კახეთში რამდენიმე სოფელში ძლიერი ნალექის გამო სანიაღვრე არხები ადიდდა, დაიტბორა სახლების ეზოები და სარდაფები, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში  შეტყობინებები ლაგოდეხის სოფელ ჰერეთიკარიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამი სოფლიდან — ანაგიდან, ვაქირიდან და  მაღაროდან შევიდა.

სოფელ ვაქირში, ხევის ადიდების გამო ოთხი ავტომანქანა ჩარჩა წყალში. მეხანძრე-მაშველებმა ექვსი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.

შემოდგომიდან სტიქიის დროს სამხედრო ძალის გამოყენება პარლამენტის ნებართვის გარეშე მოხდება

უწყების ცნობით, ლაგოდეხისა და სიღნაღის რაიონების სოფლებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში რამდენიმე სახლის სარდაფიდან წყალს ტუმბავენ. ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტექნიკით იწმინდება სარწყავი არხები. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი — ჰერეთისკარი, წითელი გორი და ჭიაური დააზარალა. დატბორილია ოცამდე საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთები, დახოცილია შინაური ფრინველი.