ილია მეორე წირვის დროს შეუძლოდ გახდა

ტაძრიდან გასვლამდე პატრიარქმა ბრძანა, რომ წირვა არ შეწყვეტილიყო
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით ილია მეორე ტაძრიდან გაიყვანეს. ტაძრიდან გასვლამდე პატრიარქმა ბრძანა, რომ წირვა არ შეწყვეტილიყო.

ილია მეორემ ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრა

პატრიარქის პირადი ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, ამ დროისთვის ილია მეორე საპატრიარქოში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„პატრიარქი ფასანაურში ბრძანდებოდა, იქიდან ჩამოვიდა. ეტყობა სიმაღლის ცვლილებების გამო წნევის ცვალებადობა იყო. ახლა ვაკვირდებით, არ იყოს ვირუსული ინფექცია. დილას ცოტა შეუძლოდ ბრძანდებოდა, ექიმებმა სთხოვეს, არ წაბრძანებულიყო ტაძარში, მაგრამ მაინც წავიდა. ეტყობა წნევა დაეცა და ამ ფონზე გახდა შეუძლოდ“, — განაცხადა  შარტავამ.

ცისანა შარტავას თქმით, ილია მეორე ახლა თავს კარგად გრძნობს.