კატასტროფა მისურიში: დაღუპულია 17 ადამიანი, აქედან 9 - ერთი ოჯახის წევრია

სავარაუდოდ, ტრაგედიის მიზეზი გემზე სამაშველო ჟილეტების არასაკმარისი რაოდენობა გახდა
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. მისურის შტატში თეიბლ როკის ტბაზე სასეირნო კატარღას კატასტროფისას სულ 17 ადამიანი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით.

სასეირნო კატარღა მისურის ტბაში პარასკევს დილით ჩაიძირა. მომხდარი ინციდენტის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა, რომელმაც ტბაზე შტორმი გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს აღწევდა.

მისურის შტატში მომხდარი კატასტროფის მსხვერპლთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა >>

ოლქის შერიფის განცხადებით, ბორტზე, ბავშვების ჩათვლით, სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა.

ტრაგედიის შედეგად დაღუპული 17 ადამიანიდან 9 ერთი ოჯახის წევრია. სამძებრო და სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. 17-ვე გარდაცვლილის ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს. დაღუპულთა შორის ორი მოზარდია.

შვიდი დაშავებული ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

პირველი არხის მონაცემებით, სამაშველო ოპერაცია 24-საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ირკვევა, გემში საკმარისი სამაშველო ჟილეტები არ აღმოჩნდა, რის გამოც 31 ადამიანიდან მხოლოდ 14 მგზავრი გადარჩა.