Batumi Music Fest-ი ბათუმში სექტემბერში გაიმართება

ფესტივალი ბათუმში შეკრებს როგორც სახელოვან მუსიკოსებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ისე მუსიკის ამომავალ ვარსკვლავებს
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. კლასიკური მუსიკის მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest-ი, რომლის დამფუძნებელია ცნობილი ქართველი პიანისტი და „იუნესკოს მშვიდობის არტისტი“ ელისო ბოლქვაძე, ბათუმში 2 სექტემბერს გაიხსნება.

ფესტივალი 12 სექტემბრამდე გასტანს და ტრადიციისამებრ, სხვადასხვა ქვეყნიდან სახელოვან მუსიკოსებს და მუსიკის ამომავალ ვარსკვლავებს შეკრებს. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ Batumi Music Fest-ის ღონისძიებების საინფორმაციო პარტნიორია.

ფესტივალის გახსნაზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე დავით მუკერიას დირიჟორობით ბათუმის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე წარდგება. პირველი საღამოს პროგრამაშია ფერენც ლისტის სიმფონიური პოემა „პრელუდიები“ და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის კონცერტი ვიოლინოსათვის ორკესტრთან ერთად (რე მაჟორი).

საქართვლოს პრეზიდენტმა ფრანგი კომპოზიტორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა >>

წელს ფესტივალზე წარდგებიან მუსიკოსები საქართველოდან, ირლანდიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან და ავსტრიიდან. მათ შორის არის ფრანგი პიანისტი ლიზა დე ლა სალი, ბერძენი დირიჟორი მირონ მიხაილიადი, ავსტრიელი პიანისტი ვიქტორია ჰირშუბერი და ირლანდიელი პიანისტი ბარი დუგლასი.

ფესტივალის პროგრამაშია ბეთჰოვენის, რახმანინოვის, დვორჟაკის, მოცარტის და სხვა კომპოზიტორების უკვდავი შედევრები.

ელისო ბოლქვაძე - მუსიკა მშვიდობისათვის

ფესტივალის ფარგლებში ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში გაიმართება სხვადასხვა ქვეყნის ნორჩი ტალანტების გალა-კონცერტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები ბარბარე ჩიხრაძე, ილია ლომთათიძე, თათია მგალობლიშვილი, ეკა ნიკოლაძე, ბარბარე თათარაძე, ანაჰით ტელმაშოვა, კასპარას მიზუკისი და მილდა დაუნორაიტე.

გარდა ამისა, ფესტივალზე წარდგებიან „ნორჩი ვირტუოზები“ (პიანისტები ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე), მუსიკოსი ხვიჩა მაღლაკელიძე („ქართული გიტარა“) და რევაზ ლაღიძის სახელობის გოგონათა გუნდი.

ფესტივალის ფარგლებში 5 სექტემბერს 19:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე გაიმართება ცნობილი ქართველი მწერლის და კულტურის ექს-მინისტრ გურამ ოდიშარიას საღამო სახელწოდებით „ჩემი სოხუმი“.

ღონისძიება ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება.

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest-ი სამთავრობო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება, რომელიც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება.