სვანური კერძები, ლუდი და ხელნაკეთი ნივთები: რას გიმზადებთ „სვანეთობა 2018"

ფესტივალი „სვანეთობა 2018" რეგიონში ტურისტების მოზიდვას და სვანეთის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების სტუმრებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ფესტივალ „სვანეთობა 2018"-ის სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურულ-გასართობი და გასტრონომიული პროგრამები ელოდებათ, რომელიც მესტიაში 29 ივლისს გაიმართება, იუწყებიან ქალაქის მერიაში.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ტრადიციული სვანური სამზარეულოს ის კერძები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი — დაახლოებით ათი კერძი.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გამოფენა „აწარმოე საქართველოში", რომელზეც საკუთარ პროდუქციას 30 კომპანია წარმოადგენს. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს ლუდის სმაში შეეჯიბრონ.

მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა

ფესტივალის ორგანიზატორებს ყურადღების გარეშე ბავშვებიც არ დარჩენიათ. მათთვის სპეციალური სივრცე მოეწყობა, სადაც სპორტულ-გასართობი თამაშები გაიმართება.

„სვანეთობა 2018"-ზე ადგილობრივი ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც გაიმართება. გარდა ამისა, მერიის წარმომადგენლები მესტიის საპატიო მოქალაქეებს დაასახელებენ.

ფესტივალის ბოლოს სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გალა-კონცერტი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნინო ქათამაძე და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.

ფესტივალი ასევე უმასპინძლებს რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა 2018"-ის მონაწილეებს.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ცენტრი, პროექტ Check in Georgia-ს მხარდაჭერით.