რუსეთში საქართველოდან 16 ათას ლიტრზე მეტი ალკოჰოლი არ შეუშვეს

რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ნაწილი სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო ვერ მოხვდა, აღნიშნეს „როსპოტრებნადზორში".
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. „როსპოტრებნადზორმა" (რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური) მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანაში არ დაუშვა საქართველოდან ალკოჰოლური პროდუქციის ნაწილი — მთლიანობაში 16 ათას ლიტრზე მეტი, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, გადაწყვეტილება ქართული ალკოჰოლის რუსეთში შეტანის აკრძალვის შესახებ პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების ანალიზის შემდეგ მიიღეს. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ წარმოების პროცესში ტექნოლოგიები დაირღვა. „როსპოტრებნადზორში" ამტკიცებენ, რომ ამაში დამნაშავე არიან როგორც მწარმოებლები, ისე საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები.

ქართული ღვინო იაპონიის დასაპყრობად ემზადება

უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის კონტროლი გაძლიერდება.

ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის ინტენსიურად იზრდება — 2018 წლის დასაწყისიდან ბრუნვა ქვეყნებს შორის 24,5%-ით გაიზარდა 2017 წლის იანვარ-მაისთან შედარებით და დაახლოებით 548,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს საქართველოს მთლიანი საგარეო ბრუნვის 11,2%-ია.

ბოლო მონაცემებით, ქართული ღვინის მთავარი იმპორტიორია რუსეთი. ამ ქვეყანას 2018 წლის იანვარ-მაისში 20,439 მლნ ბოთლი ღვინო მიეწოდა, რაც 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 38%-ით მეტია.