ავტოსაგზაო შემთხვევას „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელი ემსხვერპლა

თვითმხილველთა ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, რაც, სავარაუდოდ, გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა მარშალ გელოვანის გამზირზე დღეს, დილით მოხდა.

ავტოავარიის შედეგად თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, დასუფთავების მანქანას მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც „თბილსერვის ჯგუფის" ერთი თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე თანამშრომელი და მიკროავტობუსის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, რაც, სავარაუდოდ, გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

საგზაო მოძრაობის წესების და ტრანსპორტის ექსპლუატაციის ნორმების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს.