აღმოსავლეთ საქართველოში შხამიანმა გველებმა ადამიანები დაკბინეს

დაზარალებულებს მკურნალობა ანტიგიურზინის პრეპარატით ჩაუტარდათ.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოში შხამიანმა გველებმა ადამიანები დაკბინეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ინციდენტი გარდაბნისა და მარნეულის რაიონებში მოხდა. პაციენტებს, რომლებსაც ნაკბენი კიდურებზე ჰქონდათ, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ჩაუტარდათ შესაბამისი პროცედურები.

თბილისის რაიონები, სადაც შხამიანი გველებია მომრავლებული>>>

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორის დავით ბეგაშვილის განცხადებით, პაციენტებს კიდურებზე გიურზის ნაკბენი ჰქონდათ, მათ მკურნალობა ანტიგიურზინის შრატით ჩაუტარდათ და ამ ეტაპზე მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისში გველები მომრავლდა: მაისში ასი ქვეწარმავალია დაჭერილი

ცხელი ამინდების დადგომასთან ერთად გველები თბილისშიც გამოჩნდნენ. 2018 წლის დასაწყისიდან 20 ივნისის ჩათვლით დედაქალაქში 244 გველი დაიჭირეს. გასულ წელს კი სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის სხვადასხვა რაიონში 438 ქვეწარმავალი დაიჭირეს.

საქართველოში 30 სახეობის გველი ბინადრობს, მათგან შხამიანი ოთხია — გიურზა, დინიკის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, კავკასიური გველგესლა. თბილისში გველის 12-მდე სახეობა ბინადრობს.

სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ეზოების გაწმენდას სამშენებლო მასალებისა და ნარჩენებისგან და ბალახის მოთიბვას, რათა გველებმა ბუდეების გაკეთება ვერ შეძლონ.