ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე იტალიასთან დამარცხდნენ

ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ბრძოლას მე-13 ადგილისთვის გააგრძელებენ
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბარსელონაში იტალიის გუნდთან ანგარიშით 3:14 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებში ორი გოლი ზურაბ რურუამ გაიტანა, ერთი ბურთი გიორგი მაგრაქველიძის ანგარიშზეა.

ეს დამარცხება რევაზ ჩომახიძის შეგირდებისთვის А ჯგუფში მესამე გახდა. მანამდე ქართველები უნგრეთთან (5:12) და გერმანიასთან (9:10) დამარცხდნენ.

ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე კვლავ დამარცხდნენ

კვარტეტში ბოლო ადგილის დაკავების შემდეგ საქართველოს ნაკრები ბრძოლას მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის განაგრძობს — ის დაუპირისპირდება სლოვაკეთის, თურქეთისა და მალტის გუნდებს, რომლებიც საქართველოს მსგავსად თავიანთ ჯგუფებში  ბოლო ადგილებზე გავიდნენ. კონტინენტალურ პირველობაზე მომდევნო მატჩს ქართველი წყალბურთელები 22 ივლისს თურქეთის წინააღმდეგ გამართავენ.

საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მესამედ მონაწილეობს. 2014 წელს, როდესაც ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა, ქართველებმა შემაჯამებელ ოქმში ბოლო ადგილი დაიკავეს. ბოლო კონტინენტალურ პირველობაზე (2016), როდესაც მონაწილეების რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, საქართველოს ნაკრებმა მე-14 ადგილი დაიკავა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი სერბეთის ნაკრებია, რომელმაც ტურნირზე ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა.