სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ: საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და წყალდიდობა

მოსალოდნელ უხვ ნალექს შეუძლია მდინარეებში წყლის დონის მატება, ასევე მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 20–23 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ასევე შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook–გვერდზე განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამინდის ცვლილება განაპირობებს შავი ზღვის ჩრდილო–დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლას.

ჭუბერისთვის სტიქიით მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 5 მლნ ლარს გადააჭარბოს

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო დროს უამინდობამ საქართველოს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. გასულ კვირაში რაჭაში მდინარე რიონი ადიდდა და სოფელ ღებში ნაპირებიდან გადმოვიდა. 50 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.

ივლისის დასაწყისში კი სვანეთში, სოფელ ჭუბერში წყალდიდობამ დაანგრია ხიდები, წაიღო საცხოვრებელი სახლები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. წინასწარი შეფასებით, ზარალმა 5 მილიონ ლარს გადააჭარბა.