საქართველოს მოქალაქეები კიევში შიდა ბიომეტრიული მოწმობით შეძლებენ ჩასვლას

წელს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ქართულ–უკრაინული სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომის ჩატარება იგეგმება
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. უკრაინის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა ქართველი კოლეგა მამუკა ბახტაძე ამა წლის შემოდგომაზე ოფიციალური ვიზიტით კიევში მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წევრმა ალექსანდრ საენკომ თავის Facebook–გვერდზე დაწერა.

საენკო შედის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც თბილისში მიმდინარე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტში (OGP) მონაწილეობს. ფორუმში მონაწილეობის ფარგლებში უკრაინელი მინისტრი საქართველოს პრემიერს შეხვდა და მას გროისმანის მიწვევა გადასცა.

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა საპარლამენტთაშორისო ასამბლეას ქმნიან

საენკოს განცხადებით, შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას მიმდინარე წელს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ქართულ–უკრაინული სამთავრობოთაშორისი კომისიის სხდომის ჩატარების თაობაზე. ამას გარდა, მხარეები ქვეყნებს შორის რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

„შევთანხმდით, დავაჩქაროთ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების პროცესი სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე და უზრუნველვყოთ უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების შესაძლებლობა შიდა ბიომეტრიული პასპორტებით“, – დაწერა საენკომ.

მისი თქმით, უკრაინა აპირებს საქართველოს გამოცდილების შესწავლას რეფორმების საკითხებში და ეს, პირველ რიგში, ფისკალურ სფეროს ეხება.