ცნობილია წვრთნების „ღირსეული პარტნიორი 2018“ ჩატარების თარიღი

ამერიკული სამხედრო ტექნიკა სწავლებასთან „ღირსეული პარტნიორი 2018“ დაკავშირებით საქართველოში შავი ზღვით ჩამოვა
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ (Noble Partner) საქართველოში 1–15 აგვისტოს ჩატარდება, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. წვრთნებს, ტრადიციულად, საქართველო და აშშ ხელმძღვანელობენ.

სწავლების მიზანი წელს არის სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

ნატოს გენერალური მდივანმა საქართველო რეფორმებისთვის შეაქო

სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს სამი ათასზე მეტი სამხედრო საქართველოდან, აშშ–იდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, ნორვეგიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ჩართული იქნება აშშ–ის ავიაცია და გერმანული ჯავშანტექნიკა.

„ღირსეული პარტნიორი“ კომპლექსური წვრთნებია. მისი სცენარი ითვალისწინებს სასარდლო–საშტაბო და საველე სწავლებას საბრძოლო სროლით, მანევრების ელემენტებისა და საბრძოლო მხარდაჭერის ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

საქართველოში უკვე ჩამოვიდა აშშ–ის ევროპის სარდლობის წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ფრედერიკო მაიოკო, რომელმაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავასთან ერთად ფოთის პორტი დაათვალიერა. სწორედ ამ პორტში ჩამოვა აშშ–ის სამხედრო ტექნიკა.

„ფოთის პორტის მნიშვნელობა, როგორც საქართველოს კარიბჭის, წლიდან წლამდე იზრდება. წელს სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ შემოდის საკმაოდ დიდი მნიშვნელოვანი რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა, ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რა შესაძლებლობები გვაქვს, რომ განვითარდეს ჩვენი ურთიერთობა“, – განაცხადა ჯანჯღავამ.

საზღვაო ქვეითები საქართველოში Agile Spirit-ის სამხედრო წვრთნებში ჩაერთვებიან

ფოთის ინფრასტრუქტურა ამერიკელ გენერალს მოეწონა.

 „ჩვენი ვიზიტის მიზანია ფოთის პორტის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების გაცნობა, რადგან ტექნიკა, რომელიც აგვისტოში საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი“ მონაწილეობს, საზღვაო გზით სწორედ აქ უნდა ჩამოვიდეს. ჩვენ კმაყოფილი ვართ ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურით. ვაფასებთ პარტნიორობას საქართველოსთან და მოხარული ვართ, რომ ერთად ვმონაწილეობთ სწავლებებში „ღირსეული პარტნიორი“ და „მებრძოლი სული“ (Agile Spirit). ეს სწავლებები გვეხმარება გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები და გავზარდოთ ურთიერთმხარდაჭერა“, – განაცხადა მაიოკომ.

სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება.