სააკაშვილის განაჩენი ძალაში დარჩა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულოდ ცნობაზე უარი განაცხადა
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი „საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების ორი წლით ადრე შეწყალების საქმეზე, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 იანვარს სააკაშვილს დაუსწრებლად შეუფარდა სამწლიანი პატიმრობა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო. სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილმა, გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებით, შეასრულა ადრე მათთვის მიცემული პირობა და ამით დაარღვია გირგვლიანის ოჯახის წევრების უფლებები და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.

სააკაშვილი: მე ისე ვარ დაკავშირებული გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის მკვლელობასთან

სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ სააკაშვილის გამართლება მოითხოვა, თუმცა, მოსამართლებ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო ახალი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.

სააკაშვილმა 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ამით ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. ის გარკვეული პერიოდი ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო, მაგრამ 2016 წელს თანამდებობა სკანდალურად დატოვა. 2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოგვიანებით ის ნიდერლანდებში გადავიდა, სადაც მიიღო მოწმობა, რომ შეუძლია იცხოვროს და იმუშაოს ევროკავშირის ქვეყნებში.

ამა წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ - 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ცნო დამნაშავედ და მას დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

„მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი დაქორწინდა">>

ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლო სააკაშვილთან დაკავშირებით განიხილავს კიდევ ორ საქმეს - 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას.