ქართველი და თურქი მაშველები კატასტროფებთან ბრძოლას ერთად ისწავლიან

საქართველო და თურქეთი კატასტროფების რისკების მართვის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების თანამშრომლები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და კატასტროფებთან ეფექტურად ბრძოლის მიზნით ერთობლივ წვრთნებს გაივლიან, აღნიშნულია ქართული უწყების Facebook-გვერდზე.

შესაბამის მემორანდუმს ანკარაში ხელი მოაწერეს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა და მისმა თურქმა კოლეგა მეჰმედ გულუოღლუმ. მემორანდუმი გულისხმობს კატასტროფების რისკის მართვის კომპეტენციის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობასა და გაძლიერებას.

საქართველომ ორი სამაშველო ვერტმფრენი დაიქირავა

"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მეზობლებს და განსაკუთრებით, საქართველოს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და კატასტროფების მართვის სისტემა. დღეს, როგორც პირველი ნაბიჯი, გავაფორმეთ ორმხრივი ხელშეკრულება, შემდეგ კონკრეტული პროექტების განხილვას დავიწყებთ", - განაცხადა გულუოღლუმ.

მემორანდუმის ფარგლებში უკვე დაიგეგმა სასწავლო ვიზიტები და სემინარები, ექსპერტთა, სტუდენტთა და ლექტორთა გაცვლითი პროგრამები. მხარეები ერთმანეთთან სამეცნიერო მიმართულებითაც ითანამშრომლებენ.

"მოგეხსენებათ, ჩვენ ვცხოვრობთ ერთ რეგიონში, ერთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ერთიანი ძალისხმევით ასეთი პრობლემები ბევრად უფრო ოპერატიულად და ეფექტურად დაიძლევა. გაფორმებული მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ჩვენი თანამშრომლების ერთობლივ სწავლებებს, ინფორმაციის გაცვლასა და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულ დახმარებას", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ მღებრიშვილმა ანკარაში დაათვალიერა კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ოთახი და ადგილზე გაეცნო არსებულ სამუშაო გამოცდილებას.

მღებრიშვილმა გულუოღლუს გასულ წელს ბორჯომის ტყის ხანძრის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.