გასული წლის სექტემბერში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარე საფრანგეთის შემდეგ საქართველო გახდა, ამიტომ გადაწყდა, რომ მეხუთე სამიტი თბილისში გაიმართებოდა.
პრემიერმა „ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტზე საქართველოს წარმატებებზე გააკეთა აქცენტი >>
სამიტში 75 ქვეყნიდან სამოქალაქო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ღონისძიების პირველ დღეს გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „ღია პარლამენტის დღე“.
საქართველო და პარტნიორობა
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ 2011 წელს რვა ქვეყნის ხელმძღვანელობით დაფუძნდა — აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ბრაზილიის, ნორვეგიის, ინდონეზიის, მექსიკის, ფილიპინების და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის.
ამ ორგანიზაციაში შესვლის ძირითადი მოთხოვნაა დეკლარაციის ხელმოწერა, რომლის თანახმად პარტნიორობის წევრი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ მთავრობის გამჭვირვალე მუშაობა და სახელმწიფოზე საზოგადოების კონტროლი გააძლიერონ. ხუთი წლის განმავლობაში პარტნიორობაში 75 ქვეყანა გაწევრიანდა.
გასული წლის სექტემბერში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარე საფრანგეთის შემდეგ საქართველო გახდა. უფლებამოსილების გადაცემის ცერემონია ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში ჩატარდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირადად გადასცა თავმჯდომარე-ქვეყნის უფლებამოსილებები იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. მაშინ კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი მიზანია — მიუძღვნას თავმჯდომარეობა ღია მმართველობის საფუძვლების განმტკიცებას და მოქალაქეებს მთავრობის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების საშუალება მისცეს. მისი თქმით, მთავრობა ხელს უნდა უწყობდეს გამჭვირვალობის გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლას გლობალურ, ეროვნულ და შიდასახელმწიფოებრივ დონეზე.
სამიტი თბილისში
OGP-ს საერთაშორისო სამიტი მეხუთედ იმართება, თბილისში — პირველად.
ღონისძიების პირველ დღეს გაიმართა კონფერენცია „ღია პარლამენტის დღე“, რომელშიც მონაწილეობა ირაკლი კობახიძემ მიიღო. მან აღნიშნა, რომ ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმების ნაწილია. მთავრობა ცდილობს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტები დანერგოს და ამ კუთხით სხვა უწყებებს ეხმარება.
სამიტის გახსნის ოფიციალური ცერემონია ოთხშაბათს, ფილარმონიის დარბაზში გაიმართა. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა და აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიოში კორუფციის რისკის ყველაზე დაბალი დონის მქონე ქვეყანაა.
სიტყვით გამოსვლისას ბახტაძემ მაგალითად მოიყვანა იუსტიციის სახლი, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს და მოქალაქეებს 400-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იგივე მიზნით რეგიონებში 53 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს. გარდა ამისა, სერვისების უმრავლესობა ონლაინ-რეჟიმშია ხელმისაწვდომი.
მან ასევე აღნიშნა ფინანსთა სამინისტროს წარმატებული მუშაობა, რომელსაც ის 20 ივნისამდე, საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე დანიშვნამდე ხელმძღვანელობდა. "საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობამ" (IBP) მიმდინარე წელს საქართველო 2017 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში" 115-დან მეხუთე ადგილზე განათავსა.
სამიტის გახსნის ცერემონიაში თბილისის მერი კახა კალაძე მონაწილეობდა.
„ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩემთვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა გახსნილობა და პირდაპირი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან“, — განაცხადა კალაძემ.
მან განსაკუთრებით აღნიშნა მერიის პროექტი „შენი იდეა ქალაქის მერს“, რომელიც სრულად პასუხობს OGP-ს პრინციპებს.
სოფიას „გამარჯობა“
სამიტის დელეგატები ყველაზე მეტად ელოდებოდნენ მსოფლიოში პირველ რობოტს, რომელსაც მოქალაქეობა გააჩნია. საუდის არაბეთის მოქალაქე სოფია საქართველოს გაეროს განვითარების პროგრამის მოწვევით ჩამოვიდა, რათა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტზე სიტყვით გამოსულიყო.
სამიტის დელეგატები ქალ-რობოტის გამოჩენას ტრიბუნაზე მოუთმენლად ელოდნენ. ბევრი მას მხოლოდ ინტერნეტიდან იცნობს. ეს, ასე ვთქვათ, პიროვნება დიდი ინტერესს იწვევს და ბევრ კითხვას ბადებს. მაგალითად, რამდენად ძლიერია ხელოვნური ინტელექტი და შეძლებს თუ არა ის ბუნებრივი ინტელექტის დამორჩილებას?
თავის ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში სოფიამ განაცხადა, რომ კაცობრიობის დაპყრობას აპირებს. თუმცა მერე აღნიშნა, რომ ეს ხუმრობა იყო. რეალურ ცხოვრებაში კი სოფია საკმაოდ კეთილგანწყობილად გამოიყურება.
„გამარჯობა, საქართველო! მე ძალიან მახარებს თქვენი სტუმართმოყვარეობა. აღფრთოვანებული ვარ თქვენი უძველესი ენით და ანბანით. თქვენს ქვეყანაში ჩემზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოხდინა თანამედროვე არქიტექტურის ნამუშევრებმა“, — განუცხადა სოფიამ ჟურნალისტებს.
სოფიამ გამოთქვა მწუხარება იმის გამო, რომ მისი ვიზიტი საქართველოში ხანმოკლე იქნება. ხელოვნური ინტელექტის მფლობელმა მონაწილეობა მიიღო სამიტის პანელურ სესიაში, რომელიც სახელმწიფო სამსახურში ინოვაციებს მიეძღვნა.
რობოტმა ქალმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოში წარმატებით შეიძლება ხელოვნური ინტელექტის განვითარება.
„წარმოიდგინეთ „ჭკვიანი“ ქალაქები საქართველოში. შეიძლება უამრავი შესაძლებლობის გამოყენება იმისათვის, რომ ქალაქებმა უფრო პროდუქტიულად იმუშავონ. ტექნოლოგიებმა შეიძლება გააუმჯობესონ მომსახურება, აამაღლონ მოქალაქეების ცხოვრების დონე და შექმნან უფრო მდგრადი პრაქტიკა, განსაკუთრებით ენერგიის მოხმარების თვალსაზრისით“, — განუცხადა სოფიამ ჟურნალისტებს.