ყოფილმა მინისტრებმა სამსახური იშოვეს

ყოფილი მინისტრები პრემიერს რჩევებს მისცემენ განათლებისა და რეგიონების განვითარების სფეროებში.
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ, ნათქვამია მთავრობის მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ჩხენკელი გახდა ბახტაძის მრჩეველი განათლების საკითხებში, ხოლო სუბარი — რეგიონული განვითარების სფეროში.

ბახტაძის შემცირებულმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა

ჩხენკელი და სუბარი მინისტრის თანამდებობებს მას შემდეგ დაემშვიდობნენ, რაც გასულ კვირაში მთავრობის სტრუქუტურული ცვლილებები ამოქმედდა. ამ ცვლილებების თანახმად, გაუქმდა ლტოლვილთა სამინისტრო და მისი ფუნქციები ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა, ხოლო განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები გადაეცა.

სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში მთავრობაში ასევე გაუქმდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. მის ფუნქციებს იუსტიციის სამინისტრო შეასრულებს.

ამგვარად, საქართველოს მთავრობაში 13 მინისტრის ნაცვლად ამჟამად 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრია.

პარლამენტმა გასულ კვირაში მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.