საქართველოს II ქვეითი ბრიგადის ასეული ავღანეთში ჩავიდა

ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაზა "მარმალის" უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება.
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ჩავიდა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართულ ქვედანაყოფს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე და IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის მეთაური, მაიორი გოგი ნოზაძე მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალის" სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ.

II ქვეითი ბრიგადის ასეული როტაციის წესით IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულს ჩაანაცვლებს.

საქართველომ ავღანეთში როტაცია განახორციელა: მე-11 ბატალიონი 31-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს

ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაზა „მარმალის" უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება.

ბაგრამის საავიციო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს.

„მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაცია შედის.