თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით 2018 წლის ივნისში გადმოირიცხა 135,1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, რაც 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14,8%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი — 2018 წლის ივნისში ამ ქვეყნიდან გადმოირიცხა დაახლოებით 39,2 მლნ დოლარი, რაც გასული წლის ივნისთან შედარებით 0,6%-ით ნაკლებია.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობიდან რუსეთზე ივნისში 29% მოდის.
მეორე ადგილზეა იტალია — ამ ქვეყნიდან საქართველოში ივნისში გადმორიცხეს დაახლოებით 15,6 მლნ დოლარი, რაც გასული წლის ივნისთან შედარებით 32,2%-ით მეტია.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 2018 წლის პირველ ნახევარში 18,3%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და დაახლოებით 774,4 მლნ დოლარი შეადგინა.
რუსეთიდან საქართველოში 2018 წლის დასაწყისიდან 3,1%-ით მეტი ფულადი გადმორიცხვებია შესრულებული, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 2018 წლის იანვარ-ივნისში 214,1 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველოდან უცხოეთში 2018 წლის ივნისის თვეში გადარიცხულია დაახლოებით 18 მილიონი დოლარი, რაც გასული წლის ივნისის მონაცემებთან შედარებით 0,5%-ით მეტია. მთლიანობაში, 2018 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 110 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,2%-ით მეტია.