თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ზამთრის კურორტი გუდაური ახალ სეზონს ერთი რეკონსტრუირებული და სამი ახალი საბაგირო გზით შეხვდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს მთის კურორტების კომპანიაზე დაყრდნობით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა" და მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საბაგიროების მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს გუდაურში არსებული საბაგიროებიდან „პირველისა" და „სოლიკოს" დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი საბაგიროების მშენებლობას, ასევე „კუდების" საბაგიროს რეკონსტრუქციას და კიდევ ერთი ახალი საბაგიროს მშენებლობას.
„სოლიკოს", „კუდებისა" და „პირველის" კაბინები ექვსადგილიანი იქნება. „პირველისგან" განსხვავებით, ორი საბაგირო მგზავრებს, გასაშლელი სახურავის მეშვეობით, სიცივისგან დაიცავს.
„პირველისა" და „სოლიკოს" გამტარუნარიანობა საათში 2,8 ათასი მგზავრი იქნება, ხოლო რეკონსტრუირებული „კუდების" — 2,2 ათასი.
„სოლიკო" და „კუდები" 1987 წელს აშენდა და მათი გამტარუნარიანობა დაბალი იყო.
მთის კურორტების კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა. 2011/2012 წლების სეზონიდან 2017/2018 წლების სეზონამდე საქართველოს ოთხ სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) ტურისტების რაოდენობა ექვსჯერ გაიზარდა.