თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად ექვსი დაშავებულიდან ორი რეანიმაციულ მკურნალობას საჭიროებს, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
დღეს, გამთენიისას ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მორიგი ტრაგედია დატრიალდა — დაიღუპა ოთხი მეშახტე და დაშავდა ექვსი. წინასწარი ინფორმაციით, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
„დაზიანებები ექვსმა პაციენტმა მიიღო, მათგან ერთი სახლში მაშინვე გაეწერა — დაზიანებები მსუბუქი ფორმის იყო. ხუთი პაციენტი თბილისში გადმოჰყავთ. ერთი მათგანი უკვე მივიღეთ, რომელსაც სხეულის 50%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული. მეორეს მალე შემოიყვანენ. პაციენტების უმეტესობას დამწვრობა აქვს მიღებული. ერთი ტრავმირებულია და იგი სხვა კლინიკაში გადაჰყავთ", — განაცხადა სერგეენკომ.
იმ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი, რომელიც თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში მოათავსეს, საავადმყოფოს ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ გააკეთა.
„ჩვენთან 30 წლის მამაკაცი შემოიყვანეს, რომელმაც შახტში დაზიანებები მიიღო. მას დამწვარი აქვს თავი, მტევნები, წინა მხრები და ქვედა კიდურების არცთუ დიდი უბნები. ასევე აღენიშნება სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება, თერმული შოკი. მისი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში", – განაცხადა ქაშიბაძემ.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი უკვე გამოუცხადეს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. გარდა ამისა, გადაწყვეტილება იქნა მიღებული გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა 25 შახტის დახურვის შესახებ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით.
გავრცელებული ინფორმაციით, მინდელის შახტში უბედური შემთხვევა იმავე ადგილზე მოხდა, სადაც მიმდინარე წლის აპრილში ექვსი ადამიანი დაიღუპა.
5 აპრილს, დაახლოებით 03:45 საათზე ტყიბულის შახტში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. სამთო დარტყმა (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი. 2017 წელს დაიღუპა 41, დაზიანებები მიიღო 66–მა ადამიანმა. ამასთან, მარტო ტყიბულის შახტებში ბოლო 15 თვის განმავლობაში 11 ადამიანი დაიღუპა.