საპრეზიდენტო მარათონმა სტარტი აიღო

17 ივლისს 10 ოპოზიციური პარტია პრეზიდენტობის კანდიდატად საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს დაასახელებს. შეთანხმება მაინც შედგა და ამსტერდამში სააკაშვილთან შეკრებილმა პოლიტიკოსებმა საერთო კანდიდატის შერჩევა მოახერხეს.
Sputnik

გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ საპრეზიდენტო ამბიციები დათმო გიორგი ვაშაძემ, რომელიც ამ დღეებში გელათში აპირებდა საკუთარი თავის წარდგენას.

მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ხდება, ნაციონალებისა და ყოფილი ნაციონალების, ახლა ევროპელი დემოკრატების შეთანხმებაა იმის შესახებ, რომ ისინი მეორე ტურში ერთმანეთს მხარს დაუჭერენ. საკმაოდ სოლიდური კანდიდატი ჰყავთ ევროპელ დემოკრატებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის სახით. ის ყველა გამოკითხვაში საკმაო რეიტინგს აჩვენებს და მოსახლეობასთან შეხვედრებიც დიდი ხნის დაწყებული აქვთ.

ოპოზიციურ ფლანგზე იბრძოლებენ შალვა ნათელაშვილი და ნინო ბურჯანაძეც. მთავარი ინტრიგა ისევ ორი ამბავია — იყრის თუ არა კენჭს პრეზიდენტი მარგველაშვილი და ხელისუფლებიდან — ბიძინა ივანიშვილი. თუ ოპოზიციურ ფლანგს საკუთარი დღის წესრიგი აქვს, მმართველი პარტია და პრეზიდენტი ერთმანეთს უყურებენ. საინტერესოა, ვინ დაახამხამებს პირველად თვალს!

სურს თუ არა პრეზიდენტობა ივანიშვილს – ვის ოცნებებს შეიწირავს ხელისუფალი

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილის დასახელების შემთხვევაში მარგველაშვილის შანსები წარმოუდგენლად იზრდება. ისევ განიხილება სოზარ სუბარი და მაია ცქიტიშვილი ხელისუფლების კანდიდატებად, მაგრამ საქმე ისაა, თუ რა რეიტინგები აქვთ მათ.

რეგიონებში გამალებული გამოკითხვების პარალელურად განიხილება უკიდურეს შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის გამოყენების საკითხი. ეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემაც დაადასტურა.

პოლიტიკური დეჟავიუ, ანუ ისევ თავიდან ვიწყებთ?!

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას ელოდება მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძეც. გუშინ მან „რუსთავი-2“-ზე დააანონსა, რომ სექტემბერში ბიძინა ივანიშვილზე მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტებს დაასახელებს.

მართალია, აგვისტოში პრეზიდენტობის ყველა კანდიდატის ვინაობა გვეცოდინება, მაგრამ უკვე ნათლად ჩანს, რომ საკმაოდ რთული და კომპრომატებით დატვირთული წინასაარჩევნო კამპანია გველოდება…

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!