რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთები" გერმანიაში პრესტიჟულ პრემიაზეა ნომინირებული

წიგნი გერმანულ ენაზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ითარგმნა.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ქართველი მწერლისა და კინოსცენარისტის რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთების" გერმანული თარგმანი გერმანიაში ნომინირებულია დამოუკიდებელი გამოცემის Hotlist 2018-ის პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე „წლის საუკეთესო წიგნი".

გამოცემა პრემიის შორტ-ლისტში შევიდა, ნათქვამია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

წიგნი გერმანულ ენაზე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ითარგმნა. წიგნი გამოსცა Edition Monhardt-მა. თარგმანზე მუშაობდნენ ეკატერინე ტეტი და იულია დენგი.

რეზო ჭეიშვილის ნაწარმოებისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია ამ ბმულზე.

საბჭოთა კავშირის დაშლის წინასწარმეტყველება - რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთები“

ჭეიშვილის წიგნის „ცისფერი მთების" მიხედვით 1983 წელს ელდარ შენგელაიამ გადაიღო კომედია „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი". ფილმი ქართული კინოს საგანძურის ნამდვილი შედევრი გახდა. ჭეიშვილმა ფილმის სცენარისთვის საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიიღო.

რეზო ჭეიშვილი (1933-2015) ავტორია სცენარებისა ისეთი ცნობილი ქართული ფილმებისთვის, როგორიცაა „სამანიშვილის დედინაცვალი", „გათენების წინ", „ჩემი მეგობარი ნოდარი", „ბზიანეთი", „გამოაღეთ ფანჯრები", „ზღვის მგელი" და სხვ.

ჭეიშვილი არის პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მფლობელი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.