საქართველოს პრეზიდენტი შრომის უსაფრთხოების სტანდარტებით უკმაყოფილოა

სახელმწიფოს მეთაური მოითხოვს ყველა იმ ადამიანის დასჯას, ვინც ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიაზეა პასუხისმგებელი.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტყიბულში „მინდელის“ შახტში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და ყურადღება გაამახვილა კანონმდებლობის გამკაცრებაზე, რომელიც შრომის უსაფრთხოების პირობებს ეხება.

საქართველოში 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა >>

ორშაბათს, გამთენიისას ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მორიგი ტრაგედია დატრიალდა — დაიღუპა ოთხი მეშახტე და დაშავდა ექვსი. წინასწარი ინფორმაციით, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

„აუცილებელია კანონმდებლობის გამკაცრება და შრომითი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვა. ის, რომ 2018 წელს შახტებში 11 ადამიანია გარდაცვლილი და 10 დაშავებული, იმის მაჩვენებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსგავს შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება არ მომხდარა“, — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ამასთან მარგველაშვილი მიესალმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას შახტის დახურვის შესახებ გამოძიების დასრულებამდე, ასევე ობიექტზე მაღალკვალიფიციური საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებამდე.

მამუკა ბახტაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ
 

ტყიბულში „მინდელის“ შახტში მიმდინარე წლის გაზაფხულზე ექვსი მუშა დაიღუპა. 5 აპრილის ღამეს მინდელის შახტში გვირაბის გვერდითი ქანები ჩამოინგრა — ჰაერის დარტყმითი ტალღა ცენტრალურ გვირაბებში გავრცელდა. მეორე დღე დაღუპული მეშახტეების გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ბოლო დროს საქართველოში გამწვავდა შრომის უსაფრთხოების პრობლემა. 2017 წელს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 41, დაზიანებები 66–მა ადამიანმა მიიღო. 

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წელს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 29 ადამიანი, მძიმედ დაშავდა 24 ადამიანი. აქედან შახტებში 11 ადამიანი დაიღუპა, 10 კი მძიმედ დაშავდა.

მარტის დასაწყისში პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაწესებას და კონტროლის სისტემის შექმნას, რათა თითოეული ადამიანი თავის სამუშაო ადგილზე თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს. კანონი აგრეთვე ითვალისწინებს ჯარიმებს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში.