თბილისი, 15 ივლისი — Sputnik.საფრანგეთის ნაკრებმა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხორვატიის გუნდს ანგარიშით 4:2 მოუგო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა — ხორვატიელმა ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა ავტოგოლი გაიტანა, 28-ე წუთზე მისი გუნდელმა ივან პერიშიჩმა საპასუხო გოლი გაიტანა. ფრანგები 38-ე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც ანტუან გრიზმანმა შეასრულა პენალტი, რომელიც არბიტრების ვიდეოდახმარების სისტემის გამოყენების შემდეგ დაინიშნა.
შესვენების შემდეგ პოლ პოგბამ (59) და კილიან მბაპემ (65) ფრანგების უპირატესობა გაზარდეს. 69-ე წუთზე მანჯუკიჩმა მეტოქის მეკარის, უგო ლორისის შეცდომით ისარგებლა და ხორვატიის ნაკრების მეორე გოლი გაიტანა.
ფრანგები მსოფლიო ჩემპიონები პირველად 1998 წელს შინაურ მუნდიალზე გახდნენ. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრები ფინალამდე მივიდა, სადაც პენალტების შედეგებით იტალიელებთან დამარცხდა.
ხორვატიის ნაკრებისთვის რუსეთის ტურნირზე გამოსვლა ისტორიაში საუკეთესო გახდა. 1998 წელს ხორვატები მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისს დაიწყო, მატჩები რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართა.
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ მთელ ინფორმაციას იხილავთ Sputnik-ის სპეცპროექტში FIFA-2018.