გაიზრდება თუ არა გადასახადები: პრემიერის გეგმები

მთავრობა, ახალი რეალობების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის ხელახლა დაწერას აპირებს.
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოში გადასახადების ზრდა არ იგეგმება, მთავრობა მხოლოდ მათ შემცირებაზე მუშაობას აპირებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.

ამ დღეებში ფრაქცია „ქართული ოცნება — სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი 2,5 ათას ლარს ზემოთ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის 18%-დან 30%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა.

„ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ხედვა პარლამენტში, სადაც ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გულისხმობს გადასახადების შემცირებას. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ხედვა იმის შესახებ, როგორ უნდა განვავითაროთ ეკონომიკა", — განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოში მცირე ბიზნესზე გადასახადები შემცირდა

რაც შეეხება მამუკა ბახტაძის მთავრობის ხედვას, ის მიმართულია მოსახლეობის კეთილდღეობის მიზნით ეკონომიკური რეფორმების გატარებაზე.

ბახტაძის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა გახდა 2013 წლის 1 იანვრამდე არსებული საგადასახადო ვალების ჩამოწერა და რძის წარმოებაზე და ფარმაცევტულ პროდუქციაზე დამატებული ღირებულების გადასახადის გაუქმება. ამას გარდა, ბახტაძემ აღნიშნა, რომ ახალი რეალობების შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის ხელახლა დაწერას აპირებენ.

ფრაქცია „ქართული ოცნება — სოციალ-დემოკრატების" წევრების ხედვები მმართველი პარტიის უმრავლესობის შეხედულებებისგან გასხვავდება. ისინი ემხრობიან შეღავათების დაწესებას მოსახლეობის უღარიბესი ფენებისთვის და განსხვავებული საგადასახადო პოლიტიკის გატარებას ღარიბი და მდიდარი ფენებისთვის.