თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ბრიუსელში საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან განდგომილი თანამოაზრეების გუნდი, რომლებმაც პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დააფუძნეს, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, დაწერა Facebook–გვერდზე თბილისის ექს–მერმა გიგი უგულავამ.
ბურჯანაძე საკუთარ თავს საქართველოს პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატად მიიჩნევს>>>
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
„მეგობრებო, დღეს საღამოს ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ენმ-სთან 3 ძირითად პუნქტზე: მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს; საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ერთმანეთი და ჩვენს შორის განსხვავებები არ იქნება სამიზნე; არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა“, – დაწერა უგულავამ.
ორივე ოპოზიციური პარტია ევროპარლამენტში ყველაზე მსხვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები არიან.
ჯერჯერობით არც „ნაცმოძრაობას“ და არც „ევროპელებს“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაუსახელებიათ.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმას აპირებენ პარლამენტის ექს–სპიკერები ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ–ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე.
რაც შეეხება „ნაცმოძრაობაში“ განხეთქილებას, იგი მას შემდეგ გადაიზარდა სერიოზულ კონფლიქტში, რაც ლიდერების ნაწილი სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ წავიდნენ და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა. სააკაშვილმა ყოფილი თანამოაზრეები მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა.
განხეთქილების შედეგად, რომელიც 2017 წლის დასაწყისში მოხდა, „ნაცმოძრაობამ“ პარლამენტში ბევრი ადგილი დაკარგა, პარტია ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში ექვსი დეპუტატითაა წარმოდგენილი.