ძველი პროდუქტები და პერსონალის პირადი ჰიგიენა – რა ვითარებაა რესტორნებში

ზაფხულში რესტორნებისა და კაფე-ბარების შემოწმება 26%-ით გახშირდა.
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად საქართველოში რესტორნებისა და კაფე-ბარების მხრიდან დარღვევების ფაქტები გახშირდა.

სიღნაღში კრიტიკული შეუსაბამობის გამო ცნობილი რესტორნები დაიკეტა

ზაფხულში ყველაზე ხშირად იმ დაწესებულებებს ამოწმებენ, სადაც ბევრი მომხმარებელი და მრავალფეროვანი მენიუა, ძირითადად – თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში, სადაც დამსვენებლების შედარებით დიდი ნაკადია.

„ძირითადი დარღვევაა ეტიკეტების არარსებობა, ვადაგასული პროდუქციის რეალიზაცია, პერსონალის პირადი ჰიგიენა და ა.შ.", — განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქაძემ პრესკონფერენციაზე.

რას ვჭამთ: უფრთხილდით „სუჯუკს">>>

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აღმოჩენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი 247 ობიექტს შეუჩერდა — წინა პერიოდთან შედარებით დაიკეტა დაწესებულებების 42%-ზე მეტი. ამასთან, გამოიწერა 28%-ით მეტი ჯარიმა.

თავის მხრივ, გეგმიური შემოწმებები 26%-ით გახშირდა.

მიქაძის სიტყვებით, დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 30 ათასი ბიზნეს-ოპერატორია დარეგისტრირებული, რომელთა ყოველდღიურად შემოწმება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ საჭიროა მოქალაქეების აქტიურობა, რომლებმაც ნებისმიერ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე“ — 1501 და შესაბამისი ინფორმაცია წარმოადგინონ.

მიქაძემ მოსახლეობას კვების პროდუქტების, განსაკუთრებით, ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზის შეძენისას სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ეტიკეტს და გაეცნოთ შესაბამის ინფორმაციას — პროდუქტის დასახელებას, შემადგენლობას, გამოშვების თარიღს, შენახვის ვადასა და ტემპერატურას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ პროდუქტის შესანახად.