საქართველოში „მოდინახეს" ციხეს აღადგენენ

საქართველოში კიდევ ერთ ისტორიულ ღირსშესანიშნაობას აღადგენენ.
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საჩხერის რაიონში „მოდინახეს" ციხის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაში.

„მოდინახეს" აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებს საჩხერის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი გაეცნენ.

მცხეთაში ბებრისციხის აღდგენა დაიწყო

პარალელურად რეაბილიტაცია უტარდება ციხემდე მისასვლელ გზას. ციხის აღდგენით სამუშაოებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს, გზების სარემონტო სამუშაოებს კი რეგიონული განვითარების ფონდი.

„მოდინახეს" ციხე XVIII საუკუნის 30-იან წლებში თავადმა პაპუნა წერეთელმა ააშენა, რომელიც ციხე-სიმაგრეს XIX საუკუნის დასაწყისამდე საკუთარ რეზიდენციად იყენებდა. ისტორიული ძეგლი 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ძლიერ დაზიანდა.

საინტერესოა ციხე-სიმაგრის სახელთან დაკავშირებული ლეგენდა. ისტორიის თანახმად, თავადმა დავით აბაშიძემ პაპუნა წერეთელს ქალიშვილის მითხოვებაზე უარი უთხრა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ სასიძოს ციხე არ ჰქონდა. პაპუნამ უარი არ თქვა საცოლეზე და ციხე ააშენა. ახალ რეზიდენციაში გადასვლის შემდეგ მან დავით აბაშიძეს მისწერა: „მოდი და ნახე". სწორედ აქედან მომდინარეობს ციხის სახელწოდება.