დეპუტატ ჟორჟოლიანის ინიციატივა – დაიბეგრება თუ არა ხელფასები 30%-ით

დეპუტატის ინიციატივას უკვე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომლის თქმითაც, მთავრობის ხედვა გადასახადების შემცირებაა.
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი მაღალი ხელფასის 30%-ით დაბეგვრის ინიციატივით გამოდის, იუწყება ტელეარხი „იმედი“ გამოცემა „ბანკები და ფინანსებზე“ დაყრდნობით. 

პოლიციელებს ხელფასებს მოუმატებენ და ბინებს აუშენებენ

გია ჟორჟოლიანის წინადადებით, იმისათვის, რომ მასწავლებლის ხელფასის 100 ლარით გასაზრდელად დამატებითი ფინანსური რესურსი მოინახოს, საჭიროა 30%-ით დაიბეგროს 2500 ლარს ზემოთ შემოსავალი, რაც, თავის მხრივ, ბიუჯეტს დამატებით ნახევარ მილიარდ ლარს მოუტანს.

„არსებობს შესაძლებლობა, რომ მთავრობამ 3 წლით განახორციელოს ცვლილება, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეულ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ისევ დარჩეს 20%, ხოლო მის ზემოთ არსებულ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადი იყოს 30 პროცენტი”, – აცხადებს  ჟორჟოლიანი.

დეპუტატის ინიციატივას უკვე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომლის თქმითაც, მთავრობის ხედვა არა გადასახადების ზრდა, არამედ მისი შემცირებაა, რაც უკვე წარადგინეს კიდეც პარლამენტში სამიოდე კვირის წინ.