ყვარლის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ციხე-სიმაგრე XVII-XVIII საუკუნეების სწორკუთხედი ფორმის ნაგებობაა და კვადრატს უახლოვდება.
Sputnik

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. კახეთში ყვარლის მუნიციპალიტეტის ყვარლის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

შესაბამის ბრძანებას ხელი სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა. ბრძანება ძალაში ამ დღეებში შევიდა.

ციხე-სიმაგრე – ციხე–გალავანი კახეთის XVII-XVIII საუკუნეების თავდაცვისთვის განკუთვნილი ერთ–ერთი ყველაზე დიდი ნაგებობაა, რომელიც მოხსენებულია არა მარტო ქართულ, არამედ უცხოურ წყაროებში.

ციხის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია 1755 წლის ყვარლის ბრძოლა: ავარიის ხანმა ნურსალ-ბეგმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ მთელი დაღესტანი დალაშქრა და ყვარლის ციხეს ალყა შემოარტყა. ციხეში გამაგრებულმა მეციხოვნეებმა დიდხანს გაუძლეს ალყას, მაგრამ ბოლოს თოფის წამალი და საკვები შემოაკლდათ. მეფე ერეკლეს გადაწყვეტილებით, მოხალისეები, რომლებიც შეძლებდნენ მეციხოვნეებთან შეღწევას და სანოვაგის და იარაღის მიწოდებას, ყმობიდან გათავისუფლდებოდნენ. 206 კაცისგან შემდგარმა რაზმმა მეფის დავალება შეასრულა და ყვარლის ციხეში გამაგრებულებს იარაღი და სანოვაგე მიაწოდა. პარალელურად ერეკლეს მარბიელმა ლაშქარმა ჭარ-ბელაქნის დარბევა დაიწყო. დაღესტნელები მიხვდნენ, რომ ციხე დანებებას არ აპირებდა, ამიტომ ალყა მოხსნეს და უკან გაბრუნდნენ.