საქართველოს პრეზიდენტი ნატოს სამიტზე გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში ანკარიდან გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ინაუგურაციაში.
Sputnik

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, ნათქვამია პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მარგველაშვილი ბრიუსელში ანკარიდან გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ღონისძიების ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებმა პარტნიორებთან დაგეგმილი ნატოს სამიტი განიხილეს. აღინიშნა, რომ თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვას.

დისკუსია დაწყებულია: საქართველო ნატოში შესაძლოა მაპ-ის გარეშე მიიღონ>>>

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილებას თავად საქართველო და ალიანსის 29 მოკავშირე მიიღებს. მისი განმარტებით, აღნიშნულ პროცესში ვერავინ შეძლებს ჩარევას ან ხელის შეშლას.

საქართველო – გამონაკლისი ნატოსთვის: დასახელდა ალიანსში გაწევრიანების სავარაუდო თარიღი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციაა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა.

ამ მიმართულებით ხელისუფლება მომავალში ძალზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მოდერნიზაციას, ეკონომიკის გაჯანსაღებას და ქვეყნის მოქალაქეებამდე იმ სიკეთეების მიტანას, რასაც საკუთარ თავში ევროკავშირში ინტეგრაცია მოიცავს.

12 ივლისის სამიტის ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტთან გამართავენ შეხვედრებს. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის დაწყებამდე (სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე) ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრეზიდენტი, მოგვიანებით კი სტოლტენბერგი და უკრაინის პრეზიდენტი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველო–ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს "ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

რუსეთი საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, სამხრეთ კავკასიაში შენარჩუნებულია არასტაბილურობა, რომელიც, მათ შორის, პროვოცირებულია საქართველოს ნატოში გაძლიერებისა და შემდეგ უკვე, ალიანსის მეშვეობით — რეგიონში გაძლიერების მცდელობით.