საქართველოს რამდენიმე ქალაქში კრიპტოვალუტის ბანკომატები გაჩნდება

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას და მასთან დაკავშირებული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
Sputnik

თბილისი,  9 ივლისი — Sputnik. კომპანია „კრიპტომატი“ თბილისში კრიპტოვალუტის ბანკომატების რაოდენობის გაზრდას გეგმავს,  იუწყება ტელეკომპანია Imedi  Navigator-ზე  დაყრდნობით.

კრიპტომატი ბანკომატის ტიპის აპარატია, რომლის გამოყენებითაც  შესაძლებებლია კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვა. კრიპტომატში ტრანზაქციები ორ კრიპტოვალუტაში: ბიტკოინსა და ლაითკოინში ხორციელდება.  

საქართველოში პირველი კრიპტოვალუტების ბირჟა შეიქმნა

ამჟამად კრიპტომატით სარგებლობა  „გალერია თბილისში",  კაზინო „აჭარასა" და  „თბილისი მოლშია" შესაძლებებლი. 

კრიპტომატის კურსი მიბმულია საერთაშორისო ბირჟის კურსზე, რომელსაც ემატება კომპანიის მომსახურების საკომისიო — საშუალოდ 3%.

თბილისში კრიპტომატის 15 აპარატი განთავსდება, მათი დადგმა  წლის ბოლომდე საქართველოს სხვა ქალაქშიც იგეგმება, მათ შორის,  თელავში, ბათუმსა და  ქუთაისში.

მიმდინარე წლის 8 ივლისის მონაცემებით, 1 ბიტკოინის ფასი 6 753 აშშ დოლარია. საქართველოში ბიტკოინის მოპოვება ძალიან პოპულარული საქმიანობაა და ქვეყანა ამ მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით,  ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას და მასთან დაკავშირებული  საქმიანობა არ  რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 

ეროვნული ბანკი, თავის მხრივ, მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ვირტუალურ ვალუტებს ახასიათებს ფასების დიდი მერყეობა, ამდენად, ფასების არასტაბილურობის გამო, მათი მომხმარებლები პოტენციური ფინანსური ზარალის წინაშე შეიძლება დადგნენ.