თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში ორი სამაშველო ვერტმფრენი იქნება მობილიზებული, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ქვეყანამ დაუყოვნებლივ შეძლოს მათი გამოყენება, წერს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნავენ, უახლოეს დღეებში ბელარუსიდან ორი ვერტმფრენი ჩამოვა, რომელთა ბაზირებაც ქვეყანაში 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობამ ვერტმფრენები ეკიპაჟთან ერთად დაიქირავა, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტიდან დაახლოებით ორი მილიონი ლარი გამოიყო.
ვერტმფრენები მრავალფუნქციური იქნება. ეს ნიშნავს, რომ მათი გამოყენება სხვადასხვა სამაშველო ოპერაციებისას იქნება შესაძლებელი.
ქვეყნის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება საგანგებო ვითარებებში ეფექტური რეაგირებისა და ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველწყოფის მიზნით მიიღო.
საქართველოში ასევე არსებობს ტყის ხანძრების წარმოშობის რისკი, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სამაშველო ვერტმფრენები ქვეყანაში დაუყოვნებლივ რეაგირებისთვის იყოს მობილიზებული.
2017 წლის ზაფხულში საქართველოს ხანძრების სერია მოედო. ტყის ხანძრები განსაკუთრებით აგვისტოში გახშირდა. ყველაზე მსხვილი ბორჯომის ხეობის სოფელ დაბასთან მომხდარი ტყის ხანძარი აღმოჩნდა, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, 100 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. სიტუაციას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი. ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს დახმარება აღმოუჩინეს თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ბელარუსმა.