გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 24 ივნისს ჩატარდა
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ანკარაში რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება და საზეიმო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თურქეთში პრეზიდენტისა და პარლამენტის ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს

თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერდოღანი და მმართველი პარტია „სამართლიანობისა და განვითარების პარტია" გამარჯვებულად გამოაცხადა. 

მარგველაშვილი: თურქმა ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის შემდგომ განვითარებას>>>

თურქეთში 2017 წელს ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, თურქეთის კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტს უფლებამოსილება გაეზარდა, ქვეყანა კი საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაიქცა.

თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია  9 ივლისს ანკარაში, საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართება.  გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები  თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში სხვადასხვა ქვეყნის 20  პრეზიდენტთან, 10 პრემიერ-მინისტრთან და 5 პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად  საინაუგურაციო ცერემონიას დაესწრებიან.

უწყების ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიიფ ერდოღანი გიორგი მარგველაშვილს და სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.

 საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან:  თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე.