შუასაუკუნეების ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ეკლესია კასპის რაიონში, სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარეობს
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთში შუასაუკუნეების დარბაზულ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

დარბაზული ეკლესია ადგილობრივი სასაფლაოს, ნასოფლარ ვარჯაანის ტერიტორიაზეა. ის აშენებულია ადგილობრივი კლდის ქვის შერჩეული ქვებით.

ეკლესიისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ბრძანებას ხელი 2018 წლის 11 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა. ბრძანება ძალაში 8 ივლისს შევიდა.