პრეზიდენტმა ჭუბერში სამხედრო ძალების გამოყენების ბრძანება გამოსცა

პრეზიდენტის ბრძანების დასამტკიცებლად, დღეს, 17:30 საათზე პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება
Sputnik

თბილისი, 8 ივლისი- Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა  მესტიის სოფელ ჭუბერში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით,  საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.

სვანეთში, სოფელ ჭუბერში 5 ივლისს  უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა დაანგრია ხიდები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, ადიდებულმა მდინარემ ორი სახლიც წაიღო. ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა.

სტიქია სვანეთში: ეპიცენტრმა ჭუბერიდან ბეჩოში გადაინაცვლა>>>

 სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. უკვე გახსნილია ჭუბერის ორი ნაწილის დამაკავშირებელი სამანქანო გზა. ადგილზე შესულია დამატებითი მძიმე ტექნიკა. 

ადიდებული მდინარიდან სვანეთის მცხოვრები ვერტმფრენით გამოიყვანეს: ოპერაციის კადრები

პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის   გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით,  სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში შეაქვს  პარლამენტში დასამტკიცებლად. 

პრეზიდენტის ბრძანების დასამტკიცებლად, დღეს, 17:30 საათზე პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება.